„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი აქციები“ - ნინო ბურჯანაძე
პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციამ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაგეგმვის გადაწყვეტილება მიიღო.
„მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი აქციები და მსვლელობები. ასევე 25 თებერვალსა და 31 მარტს შორის იქნება სხვადასხვა ადგილებზე ლოკალური აქციები. მათ შორის ჩავალთ ბათუმში, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები უკვე მესამე თვეა ვაჟკაცურად იბრძვიან და აჩვენებენ სამაგალითო გამძლეობასა და პრინციპულობას და მათ ჩვენ სოლიდარობა აუცილებლად უნდა გამოვუცხადოთ“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით აქციების დაგეგმვა ნიკა მელიას საქმეს არ უკავშირდება და იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება მისი დაკავების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„ყველა იმ ქმედებებში, რაც იქნება საჭირო, რომ ხელისუფლებამ არ დაჩაგროს უსამართლოდ მოქალაქე, მე და ჩემი თანაგუნდელები აქტიურად ვიქნებით ჩართული. ნიკა მელია ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ადამიანია ქართულ პოლიტიკაში და მას სჯერა იმის, რისთვისაც იბრძვის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აქცია - მსვლელობები 25 თებერვალსა და 31 მარტს გაიმართება.