მოსწავლეთა უმეტესობამ სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება ამჯობინა
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების სურვილი მოსწავლეთა 12%-მა გამოხატა. განათლების სამინისტროს ცნობით, ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში თუ მთლიანად სკოლა.
დღეიდან, 15 თებერვლიდან, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის 369 საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები. ამ მიმართულებით საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. სამინისტროს მიერ განახლებული რეკომენდაციებით, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ, უზრუნველყოფილია ყველა სკოლა, რომელთაც, თავის მხრივ, მოსწავლეთა მშობლების ინფორმირება უზრუნველყვეს“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე აუცილებელია პირბადეების ტარება.
რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში ის 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა. ქვეყნის მასშტაბით, 2 კვირის მონაცემებით, COVID-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა.