ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს
პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს.
გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს 12 თებერვალს მიმართა.
გენერალური პროკურორის წინადადების საფუძვლიანობას ხვალ საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ და არსებული ინფორმაციით, საკითხი ხვალვე პლენარულ სხდომაზე გავა. გადაწყვეტილება დადგენილებით მიიღება.
საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მიერ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს, პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება, დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს დაპატიმრების ვადა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში ჩაეთვლება და დაპატიმრების დროის შესაბამისი კომპენსაცია მიეცემა.