თეგებით ძიება

„რომ არ გავჩუმებულიყავი, შეიძლება დღეს 14 წლის ნინი ცოცხალი ყოფილიყო“ - ნიკა ტაკიძეს კიდევ ერთი გოგო ადანაშაულებს

თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ 24 წლის ნიკა ტაკიძეს ცნობილი ბათუმელი ბლოგერი, ანი დიასამიძე სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს.

დაახლოებით 4-5 წლის წინ ის ქორწილში იმყოფებოდა, სადაც მის მიმართ ნიკა ტაკიძემ გარყვნილი ქმედებები განახორციელა.

„17 წლის ვიყავი მაშინ. ქორწილში ვიყავი. არ ვიცნობდი ნიკა ტაკიძეს. ზურგს უკან მომადგა და გარყვნილი ქმედება განახორციელა. ვერაფერი ვერ ვთქვი, შემრცხვა, მხოლოდ ვიტირე. ახლაც ვნერვიულობ ამ ფაქტის გახსენებაზე. ფაქტი არ გამიხმაურებია, თან არ მქონდა სამართალდამცავების მხრიდან შესაბამისი რეაგირების იმედი. თან საზოგადოების და მათი რეაქციის შემეშინდა. მხოლოდ რამდენიმე დღეში გავიგე მისი ვინაობა, როცა ქუჩაში მეგობრებთან ერთად დავინახე. ანუ საერთო მეგობრები გვყავდა. თუმცა ყურადღებას იმაზე კი არ ვამახვილებ რომ მე რაღაც დამიშავა. მინდა, რომ ჩემსავით აღარ გაჩუმდნენ სხვა გოგონები. ეს მესიჯი მინდა მივიტანო საზოგადოებამდე. წარმოიდგინეთ რამდენს შეავიწროებდა ამ ხნის მანძილზე და არვინ არაფერი გავაკეთეთ"- აცხადებს ანი დიასამიძე.

17 წლის გოგონა დღეს ნანობს, რომ თავის დროზე გაჩუმდა, რადგან ხმა რომ ამოეღო, შესაძლოა დღეს 14 წლის გოგონა ცოცხალი ყოფილიყო. „თავის დროზე რომ არ გავჩუმებულიყავი, შეიძლება დღეს 14 წლის ნინი ცოცხალი ყოფილიყო", - ამბობს ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში ანი დიასამიძე.

როგორც, დაკავებულის ადვოკატი ირაკლი შავაძე აცხადებს, არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციის მცდელობა.

„ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი და შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი შემიძლია ვთქვა, შესაძლოა ვიღაცის ინტერესებში შედის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაცია. მე სტატუსი დავწერე ჩემს პირად გვერდზე და განვაცხადე, რომ მსურს პირდაპირი ეთერი დამითმონ და ვისაუბრებ დეტალურად ყველა ფაქტზე, რაც ჩემთვის ცნობილია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირისგან. უბრალოდ, როცა არასრულწლოვანი დაიღუპა, მედიებით მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც აცხადებდნენ რომ გოგონა გააუპატიურა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა და დააკავეს. თუმცა გაუპატიურების მუხლუთ არასდრის ყოფილა საქმე აღძრული. ამიტომ ვამბობ, საზოგადოება, რომელიც არ იცნობს საქმის მასალებს, ცალსახად ადანაშაულებს ნიკა ტაკიძეს. ამდენად ამ გოგონას გამოჩენა დღეს, არ გამოვრიცხავ იყოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციის მცდელობა"- განაცხადა ირაკლი შავაძემ.

წყარო: პრაიმტაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა