დავუშვათ, შევსულიყავი პარლამენტში, ახლა გავსამართლდებოდი? - ნიკა მელია კელი დეგნანს
ქალბატონ დეგნანს მივმართავ, პარლამენტში შესვლას რომ გვთხოვდა, დავუშვათ, შევსულიყავი, ახლა გავსამართლდებოდი? – ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა.
მისივე განცხადებით, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მას არავინ გაასამართლებდა, რადგან „მონებს ყურადღებას არ აქცევენ“.
როგორც მელიამ აღნიშნა, მას, როგორც საქართველოს ამაყ მოქალაქეს მონები ვერ გაასამართლებენ.
„მივმართავ ამერიკის ელჩს, ქალბატონ დეგნანსაც, უბრალოდ მაინტერესებს, ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, ერთი რაუნდი, ორი, სამი, ოთხი რაუნდი რომ იმართებოდა, ხომ გვთხოვდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევსულიყავით, დავუშვათ, რომ შევსულიყავი, ანუ მე ახლა გავსამართლდებოდი? რა თქმა უნდა არა, რადგან არავის ინტერესის სფეროში აღარ ვიქნებოდი, მონებს არ აქცევენ ყურადღებას, მონები სჭირდებათ უბრალოდ შედი, მიაჭირე ღილაკს ხელი.
დავანებოთ გავრილოვს თავი, ლევან კობიაშვილის გასასამართლებელი არა ვარ, ხალხო, ამაყი ადამიანი ვარ, საკუთარ პრინციპებს მუდამ გავუფრთხილდები. გლდანში კობიაშვილმა იარაღით რომ არბენინა და კალაძემ უბნები დაარბევინა კრიმინალებს, ოფისი რომ გადამიწვით და კაციშვილი არ დაგისჯიათ, ამის მიუხედავად მოგიგეთ და კობიაშვილი დეპუტატად გახადეთ. ახლა კობიაშვილის ხელით რომ გინდათ ჩემი დაჭერა, მართლა ჩალით ხომ არაა ეს ქვეყანა დაფარული? ხომ არ გადაირიეთ თქვენ?! თქვენ გგონიათ, რომ მე ციხეში გამიშვებთ? ვერ ეღირსებით, რადგან მონა ვერასოდეს გაასამართლებს და დააპატიმრებს საქართველოს ამაყ მოქალაქეს, განსაკუთრებით, 20 ივნისის საქმის გამო, ხალხო. მორჩა და გათავდა, ესაა ჩემი კომენტარი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.