ომბუდსმენი სამართლიანობის ქურუმი უნდა იყოს და არა კონკრეტული პარტიის ადვოკატი — სუბარი ლომჯარიაზე
ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ომბუდსმენის პარლამენტისადმი მოწოდებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების დაცვით უნდა იყოს დაკავებული და კონკრეტული პარტიის ადვოკატი არ უნდა იყოს.
“სახალხო დამცველი ჩემი გაგებით და მგონი, არ ვცდები ამაში ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის ქურუმი უნდა იყოს და არა კონკრეტული პარტიის ადვოკატი. არაფერ შუაში არ არის ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის მანდატთან ის მოწოდება, რაც მან გააკეთა, რადგან, როცა ადამიანი არღვევს კანონს, პარლამენტი ვალდებულია ხელი შეუწყოს სამართლიანობას მის აღდგენაში. სამართლიანობა და სამართლიანობის აღდგენა უნდა იყოს სახალხო დამცველის მანდატის მთავარი მახასიათებლები და არა ადვოკატირება ცალკეული პირებისა თუ პარტიების”, — განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით თანხმობა არ გასცეს. ასევე, მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.
პარლამენტში გაერთიანებულმა კომიტეტებმა დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. ენმ-ის თავმჯდომარის საქმე საპროცედურო საკითხთა და წესდებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. მოუხსნიან თუ არა ნიკა მელიას იმუნიტეტს, ამას დეპუტატები პლენარულ სხდომაზეც იმსჯელებენ.