ნინო ბურჯანაძე - ახლა სპეცრაზმის შემოყვანა ნიშნავს იმაზე უარესს, რაც 26 მაისს მოხდა
ახლა სპეცრაზმის შემოყვანა ნიშნავს იმაზე უარესს, რაც 26 მაისს მოხდა, - ამის სესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
"აქ, ახლა სპეცრაზმის შემოყვანა ნიშნავს იმაზე უარესს, რაც 26 მაისს მოხდა, იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში საშიშროება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე თუნდაც რუსთაველზე, რომელსაც ალყა დაარტყეს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ხელისუფლებამ ასეთი სისულელე გააკეთოს, თორემ ისე ჩამოიშლებიან, თავისივე ნანგრევებში მოყვებიან. მაგრამ ყველაზე ცუდი იქნება ის, რომ ეს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს ქვეყანაში. ძალის გამოყენებას რაც შეეხება, აქ გაბედვაზე არ არის საქმე, ეს იქნება უგუნური გადაწყვეტილება. გამბედაობას ჭკუაც სჭირდება და უგუნურება სხვა რამეა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი იმართება. პროკურატურა მელიას დაპატიმრებას ითხოვს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისის მიმდებარედ, სამართალდამცველებისა და სპეცრაზმის მობილიზება ხდება.