ნიკა მელიას დაპატიმრება არის ოპოზიციის დაპატიმრების ტოლფასი - ბადრი ჯაფარიძე
ეს არის ტოლფასი ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების, - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.
მისი ტქმით, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კონფრონტაციის, დაპირისპირების გაღრმავების გზა აირჩია.
"ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის ტოლფასი ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვუპირისპირებთ სრულ სოლიდარობას, სიმშვიდეს. ჩვენს ხელში ყველაზე დიდი ძალა და იარაღი არის სიმართლე და ზრუნვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის.
ეს არის ისეთი იარაღი, რომელიც ყველაფერს დაამარცხებს და წინ აღუდგება ყველა ძალისმიერ მეთოდს ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პოზიციაში ჩვენ ერთიანი ვართ. სიმშვიდე, სრული სოლიდარობა და ზრუნვა იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ასეთი ტიპის მმართველობა დასრულდეს. მგონია, რომ ეს ამ თვალსაზრისით ისტორიული დღეა იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. მას მიაჩნია, რომ ძალისმიერი მეთოდით შეიძლება დათრგუნო თავისუფალი სული, რაც ასე არ არის. ისინი დაინახავენ საპასუხო რეაქციას, რომელიც იქნება მშვიდი, მშვიდობიანი და სრული სოლიდარობა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.