ნიკუშა შენგელაიას ცოლი: ,,ჟღვლინტიანი მიშას გამო ხოცავენ ერთმანეთს… ბომჟები არიან და დაე, იყვნენ ქუჩაში”
მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე, რომელიც მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მეგობარია, ამბები.ჯი-სთან საუბრობს:
– ივანიშვილი ყოველთვის იცავდა იმ ადამიანებს, ვინც მას ლანძღავდა. მას აუგად არავინ მოუხსენიებია, პირიქით, ყველას მიმართ არის თანაგრძნობით და ყველაზე კარგად, დეტალურად იცის ქართველი ხალხის მდგომარეობა და გაჭირვება. ამ ურაპატრიოტი ნეობოლშევიკების ჯგუფებმა ტვინი წაიღო, კრიზისიაო. კრიზისი მათ ტვინებში აქვთ. ეს 50 კაცი მართლა რუსეთის დაკვეთას ასრულებს მაშინ, როცა გეოპოლიტიკურად საშინელი მდგომარეობა გვაქვს და ბეწვის ხიდზე გავდივართ. საოცრებები ხდება…
მიშა და ბიძამისი ჩვეულებრივი და ცნობილი "კაგებეს” აგენტები არიან და ახლა რუსეთის დაკვეთას ასრულებენ, რუსებს და მიშას უნდათ ამ ქვეყანაში არეულობა, სხვას არავის! ჩემი ინტერესია ჩემი ქვეყანა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში. თუ შედიან, შეეთრიონ ამ პარლამენტში. ძალიანაც არ მინდა მათი ისტერიკების მოსმენა და ატანა, მაგრამ, როცა ჩემს ქვეყანას ასე სჭირდება, ამაზეც თანახმა ვარ… "ოცნებაში” არიან გაწონასწორებული, წესიერი ადამიანები, მეორე მხარეს კი არიან ჩვეულებრივი ბომჟები და ისინი დაე, იყვნენ ქუჩაში…
- თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან?
- ჩემდა სამწუხაროდ, წავიდა. თან გამიხარდა, რომ წავიდა, რადგან ეს მისთვის ტვირთი და პასუხისმგებლობა იყო. ადამიანს, რომელსაც აქვს ყველა საშუალება, რომ თავისთვის წყნარად და მშვიდად იცხოვროს, ვიღაცეებს თავი ალანძღინა და რისთვის? ამდენი სიკეთე რომ გააკეთა? დღეს მეგობრები ხოცავენ ვიღაც ჟღვლინტიანი მიშას გამო. ეს ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს? ვიცი, რომ ამ ოჯახში ყველა თავის საქმეს აკეთებს, ეკა ბევრ უნივერსიტეტში ონლაინ სწავლობს. თავისი საქმეებიც აქვს - შვილები და შვილიშვილი. ის თავის განათლებას იღრმავებს, სხვა დონის და ინტელექტის ადამიანია ეკა.
- რას ფიქრობთ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში?
- ვერაფერს გეტყვით, თუმცა არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა დაუშვას ამ ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხა, ამაში დარწმუნებული ვარ, მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა და იმიტომ. მართლა არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის ორი შვილის გაზრდის გარდა, არაფერი გამიკეთებია. ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ამ ოჯახს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს.