საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია - „თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ მიმდინარეობს
„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ - ამ მოწოდებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტები აქციას მართავენ და “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
ადგილზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან, ჟურნალისტებს აქციაზე ბანერები აქვთ მოტანილი. გარდა მზია ამაღლობელის გათავისუფლებისა, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის „ხალხისთვის დაბრუნებას“ და პირდაპირ ეთერს ითხოვენ.
მოგვიანებით მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ მსვლელობით გადაინაცვლებენ და დიდ აქციას შეუერთდებიან, სადაც მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი უკვე 51-ე დღეა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.