„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვით იზღუდება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციითვე, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.
„მოძრაობა ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.