ამირან გამყრელიძის გაშვების საკითხი განიხილება - რა ინფორმაციას ავრცელებს სერგო ჩიხლაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილება.
„განიხილება ბატონი ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი,“ - აცხადებს იგი.
მისი თქმით, გამყრელიძის მიდგომები მოძველებული და დაუსაბუთებელია.
„ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, ასევე, საკოორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა.
გარდა ამისა, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული.“ - აცხადებს ჩიხლაძე.
ჩიხლაძე ვერ ადასტურებს გადაწყვეტილების არსებობას, მაგრამ ამტკიცებს, რომ საკითხი განხილვაშია.
„გადაწყვეტილია თუა რა არ ვიცი, უბრალოდ, ერთი კვირაა ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ განიხილება.“ - აცხადებს იგი.
ჩიხლაძის ვერსიას უერთდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე და აცხადებს, რომ გამყრელიძის გაშვების საკითხი გადაწყვეტილია, უბრალოდ სწორ დროს არჩევენ.
„ის ეწირება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ ვინმე ახალმა პრემიერმა დასაჯოს და მკაცრი ხელი გვაჩვენოს,“ - აცხადებს იგი.
„ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახური უარყოფს ზემოხსენებულ ინფორმაციას.