ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, ისინი შარლ მიშელთან შეხვედრაზე ყურადღებას პოლიტიკურ კრიზისზე გაამახვილებენ და მოთხოვნებს გააცნობენ.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის გამწვავება და გაღრმავება ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური განვითარების გზას საბოლოოდ ჩამოაშორებს.
„ჩვენი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, რომელიც ფაქტობრივად, უმაღლესი დონის პოლიტიკური წარმომადგენელია ევროკავშირისგან, შეეხება იმ უმძიმეს ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. პოლიტიკური კრიზისის გამწვავება და გაღრმავება საბოლოოდ ჩამოაშორებს ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური განვითარების გზას. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი ჩართულობა ამ კრიზისის დარეგულირებაში. ჩვენი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია, ეს არის პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება. ეს იქნებოდა პირველი ნაიჯი იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს და ჩვენ მივიდეთ იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გვაქვს დასახული - ქვეყანაში, დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ვადამდელი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და იმედი გვაქვს, ეს ვიზიტი აღმოჩნდება შედეგიანი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.