გიგა ბოკერია - ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან დღესვე შეხვედრისთვის
ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან დღესვე შეხვედრისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერია განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებთან ბოკერიამ აღნიშნა, მმართველ გუნდთან შეხვედრის შედეგად პოლიტპატიმრები სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ.
„ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ეს წინადადება ჩვენი მაღალი რანგის ევროპული სტუმრისგან. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ოპოზიცია მზად არის ამ პროცესის სწრაფად დაწყების და დღესვე შესაძლო შეხვედრისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველას ესმის, რომ ეს პროცესი ვერ იქნება რუტინა, პარალელურად პოლიტპატიმრები ციხეში ვერ ისხდებიან.
შეხვედრამ შედეგად უნდა გამოიღოს პოლიტპატიმრების სწრაფად გათავისუფლება და რეალური საქმიანი საუბრის დაწყება ვადამდელი არჩევნებისკენ სვლაზე. ევროკავშირის ასეთი მაღალი თანამდებობის პირის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავია.
მისი საჯარო გზავნილები, რაც მოვისმინეთ, პირდაპირ იყო აღწერა იმ რეალობის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი უარყოფდა. პოლიტიკური კრიზისია, რაც მან თქვა. მეორეა, სასამართლოს პრობლემა და კონკრეტული საქმეები, რომელთა გადაწყვეტის გარეშე საუბარი ვერ იქნება განმუხტვაზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. დალოგზე მზაობა პრემიერმა უკვე გამოთქვა.