ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, „კოვაქს" პლატფორმას უჩივლონ. როგორც ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, „კოვაქს პლატფორმასთან“ კომუნიკაციის დროს საქართველოს მხრიდან რაიმე შეცდომის შესახებ აღნიშნული არ ყოფილა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „კოვაქს“ პლატფორმას ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით პასუხი მოსთხოვა იმ ბრალდებაზე, რაც მათ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში გამოთქვეს.
„ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა „კოვაქს“ პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი, რატომ ჰქონდა „ინტერპრესნიუსს“ მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ „კოვაქს“ პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან წერილობით, რომ ჩვენ რაიმე სახის შეცდომა დავუშვით ან დროული პასუხი არ გავეცით, კომუნიკაციის წერილებში მსგავსი პასუხი არასდროს მოსულა.
„კოვაქს“ პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ „კოვაქსს“ პლატფორმას უჩივლა. ამ ეტაპზე, ველოდებით ჯერ მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ საჭირო კომუნიკაციას“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-“ის ეთერში.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ საქართველომაც უჩივლოს „კოვაქს“ პლატფორმას, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამასაც არ გამორიცხავს.
„გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ვინაიდან, ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია. ამას ჯანდაცვის სამინისტრო არ დაუშვებს. ჩვენ არ გავხდებით იმის მიზეზები, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ იმით, რაც არის ჩვეულებრივი ბრალდება“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა „კოვაქს“ პლატფორმის პასუხი იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა. როგორც მედიასაშუალება წერს, „კოვაქს“ პლატფორმაში განუცხადეს, რომ თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.