დავით ბაქრაძე - უნდა გათავისუფლდნენ ნიკა მელია, გიორგი რურუა და შეწყდეს პოლიტიკური დევნა
უნდა გათავისუფლდნენ ნიკა მელია, გიორგი რურუა და შეწყდეს პოლიტიკური დევნა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„დავთანხმდით შეხვედრას მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებით, პრაქტიკულად ხელისუფლებამ დიალოგის კარი დახურა. აქ ვართ და ვეცდებით, მოვძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს ის, რაც გაფუჭდა წინა კვირაში. მოხდეს ნიკა მელიას გამოშვება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და გიორგი რურუას გათავისუფლება. ამ ფონზე გავაგრძელოთ საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე. პირველ რიგში, უნდა აღდგეს ის სტატუს-კვო, რომელიც გვქონდა და რომლის პირობებში საუბარი შესაძლებელი იყო. ეს სტატუს-კვო დაარღვია ნიკა მელიას დაკავებამ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, შარლ მიშელის ინიციატივამ ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, არსებული რეალობა შეცვალა.
„ასეთი რანგის ევროპელი სტუმრის შემოთავაზებამ შეხვედრის შესახებ და მისმა მზადყოფნამ, რომ პირადად ჩაერთოს ამ დიალოგში და აიღოს შუამავლის ფუნქცია, შექმნა ახალი რეალობა და შექმნა იმის შანსი, რომ მიუხედავად ნიკა მელიას დაკავებისა, რითაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად დახურა დიალოგის კარი და პერსპექტივა, დღეს ეს შეხვედრა შედგეს. ამიტომ შევდივართ ამ შეხვედრაზე", - აცხადებს ბაქრაძე.