თეგებით ძიება

საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

„დღესაც მოსამართლის წინაშე იქნება ყველა ის საკითხი გაჟღერებული, რაზეც აქამდე ვამახვილებდით ყურადღებას. ამ საქმეს ბევრი მიმართულება აქვს, ერთი არის სამართლებრივი, მეორე კარტოგრაფიული, მესამე პოლიტიკური. ყველა ამ მდგენელის შესახებ გვსურს, რომ მოსამართლემ გაამახვილოს ყურადღება. გვინდა, რომ ყველა ამ საკითხზე ერთად გაამახვილოს ყურადღება, არა ცალ-ცალკე რომელიმე მათგანი, არამედ ერთობლიობაში უნდა აღიქვას საქმე მოსამართლემ. ამ საქმის დაწყებიდან ვამბობდით, რომ ეს არ არის რიგითი საქმე, აქ არის პოლიტიკური შინაარსი.

ღარიბაშვილის თანამდებობრივი ცვლილება შეიძლება, არსებითად არ ცვლიდეს არაფერს, რადგან ზოგადად, პოლიტიკური გუნდი არის დაინტერესებული ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით. თუკი აქამდე ვკითხავდით ამ საქმეში თავდაცვის მინისტრს, ახლა დავკითხავთ ამ საქმეში პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

რაც შეეხება პროკურორის პოზიციას, მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვისას ყველა მტკიცებულებას გამოიკვლევენ და დაკითხავენ ყველა მოწმეს, რომელიც მოწმეთა ნუსხაშია.

„ეს საქმე უკვე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაული შესაბამისი კანონის გათვალისწინებით მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება. მხარეები წარვადგენთ შესავალ სიტყვას, ვისაუბრებთ იმ ძირითადი მტკიცებულებების თაობაზე, რაც ჩვენს პოზიციას ადასტურებს. ეს მტკიცებულებები არის, როგორც დოკუმენტაცია, ასევე კარტოგრაფიული მასალა, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის, ფარული საგამოძიები მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. არსებითი განხილვა იწყება, რაც ნიშნავს, რომ ყველა მოწმე დაიკითხება და ყველა მტკიცებულება იქნება გამოკვლეული“, - განაცხადა საქმის პროკურორმა მიხელ სადრაძემ.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა