თეგებით ძიება

1857 წელი 8 მარტი - მითები და რეალობა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

არსებობს ვერსია, რომ 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და საარჩევნო უფლების მიღება იყო.

ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა. 1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით.

ქალთა საერთაშორისო დღე - ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული - ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ, მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი.

თუმცა, დღესასწაულის წარმოშობა გერმანელი კომუნისტის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება.

1910 წლის 8 მარტს, კოპენჰაგენში, ნავსადგურთან ოციოდე ქალს მოეყარა თავი. მეძავები იყვნენ, ყველაფერზე ეტყობოდათ და არც ცდილობდენ დამალვას:
- გუშინ ემა პოლიციელისაგან ისევ ნაცემი დაბრუნდა. საწყალი ბავშვი, როდემდე უნდა ვაძლიოთ უფასოდ ფარაონებს, ადამიანურად მაინც გვექცეოდნენ… – ვერაფერი გამიგია, გუშინწინ ბურგომისტრმა მე ამომარჩია. ბოლოს მიმტკიცებდა, უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლია, აწი სულ შენთან ვივლიო. მე ვუთხარი, თუ ასე მოგწონვარ, კანონები შეცვალე, ნამეტანი გვავიწროებენ-მეთქი. მაგრამ არა, ასეა საჭიროო…

ქალებს ფრაუ ბოდეკერი მიუახლოვდა, ხანში შესული გერმანელი ქვრივი, რომელსაც ნავსადგურთან საროსკიპო ჰქონდა და მეძავთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა: - გამარჯობათ გოგოებო, ამ სიცხეში რას იკლავთ თავს. წამოდით, ცივ ლუდზე გპატიჟებთ! - კმაყოფილი გოგოები სწრაფად შელაგდნენ უახლოეს ლუდხანაში, სასმელი მალე მოეკიდათ და ფრაუ ბოდეკერის წინადადებით შეთანხმდენ, რომ ქალაქის ყველა მეძავს მერიასთან მოეყარა თავი. ორი საათის შემდეგ ქალაქის მთავარი მოედანი მეძავებით გაივსო. პოლიციამ ისინი მერიის შენობაში არ შეუშვა და სახელდახელოდ შედგენილი, რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნა შეუგზავნეს ქალაქის თავს.

გადიოდა დრო, პასუხი კი არ ჩანდა. მეძავებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ, ფრაუ ბოდეკერი გაჭირვებით აბობღდა ოთხთვალაზე და ბრბოს მიმართა: - დებო, შვილებო, ქალებო, ხომ ხედავთ, ყველას ფეხებზე ვკიდივართ. კარგად ვიცი მამრთა ბუნება. მოდით, გავშიშვლდეთ და მაშინ კი ნაღდად მოგვაქცევენ ყურადღებას!!! პირველმა თვითონ გაიძრო კაბა, პენუარი და ორივე საცვალი. რამდენიმე წამში უამრავი მეძავი შიშველი იდგა მერიის წინ.

ბოდეკერმა განაგრძო: - ჩვენ ვიღაც სულელი ათეისტი ბუნტისთავები კი არა ვართ. ჩვენ გვწამს ღმერთის. მოდით, დავიჩოქოთ და ჩვენი პროფესიული ლოცვა აღვუვლინოთ ზეცას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, წმინდაო მარიამ. შენ, რომელმაც ჩასახე ისე რომ არ შეგიცოდავს, გვასწავლე ჩვენ, უღირს მონათა შენთა, როგორ შევცოდოთ ისე, რომ არ ჩავსახოთ. რადგან შენია ძალი, დიდება და სუფევა უკუნისამდე. ამინ! დაჩოქილი, შიშველი, მთვრალი მეძავები ერთდროულად იმეორებდენ ამ სიტყვებს.

მერი თვალებდაჭყეტილი იყურებოდა ფანჯრიდან. ბოლოს გამოერკვა, მდივანს სასწრაფოდ უკარნახა ბრძანება, ხელი მოაწერა და პირველსავე ახლომყოფ ჩინოვნიკს ეცა: - წადით და ხმამაღლა წაუკითხეთ; უთხარით რომ ყველაფერზე თანახმა ვარ, გადასახადებსაც შევუმცირებ, აკრძალვებს მოვუხსნი, პოლიციელების თავნებობასაც ავლაგმავ, ოღონდ ახლავე ჩაიცვან და დაიშალონ; საშინელებაა, რას იტყვის ეპისკოპოსი, რას იტყვის მეფე?, – და თავზე ხელები წაივლო. მეძავებმა მხიარული სტვენით მოისმინეს მერის ბრძანება და გამარჯვების ყიჟინა დასცეს, დაშლით კი დაიშალნენ, მაგრამ ტანზე ჩაცმა არავის უფიქრია და შიშვლები მთელ კოპენჰაგენს მოედვნენ. მერი სულ გაგიჟდა, ბრძანა, დაეპატიმრებინათ ყველა შიშველი ქალი. ასეულობით მეძავმა ღამე საპატიმროში გაატარა.

კოპენჰაგენში მყოფი როზა ლუქსემბურგი სასტიკად აღაშფოთა მეძავთა შევიწროებამ და მერს ახალი, ამჯერად ჩაცმული დემონსტრაცია მოუწყო. დაპატიმრებულნი მაშინვე გაანთავისუფლეს.

1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა მსოფლიოს მოუწოდა 8 მარტის საერთაშორისო ქალთა დღედ დაწესების შესახებ. ამ დღეს ქალებს უნდა გაემართათ მიტინგები, მსვლელობები და ამ ფორმით უნდა ეცადათ საკუთარ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

ქალთა სოლიდარობის სახელით, მომდევნო წლის 8 მარტს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

1911 წლიდან ქალთა საერთაშორისო დღეს რიგ ქვეყნებში ქალები ატარებდნენ მიტინგებს, რომელიც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული.

რამდენიმე წლის განმავლობაში ქალთა დღეს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ. 1911 წლის 19 მარტს ის გაიმართა გერმანიაში, ავსტრიაში, დანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. 1912 წელს ქალები საკუთარი უფლებებისთვის ევროპის მასშტაბით 12 მაისს, 1914 წელს კი 8 მარტს იბრძოდნენ.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით მოაწყვეს სამშვიდობო მსვლელობა 1913 წლის 8 მარტს.

ხმის უფლება ქალებმა გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთში 1918 წელს, აშშ-ში კი 1920 წელს მიიღეს.

1945 წელს სან-ფრანცისკოში ხელი მოეწერა გაეროს წესდებას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად იქცა პირველ საერთაშორისო შეთანხმებად, რომლითაც გამოცხადდა მამაკაცისა და ქალის თანასწორობა.

1965 წლიდან, საბჭოთა კავშირის უზენაესი პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა.

1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად, ხოლო 8 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დღესასწაულად.

2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორისო დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ.

ამჟამად არსებული ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები ყოველი წლის 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებს. ქალთა გლობალური ასოციაციის, „ავრორას“ საიტზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება. ეს ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ადგილობრივი მოვლენების მსოფლიო მასშტაბით გაშუქებას. მრავალი ქვეყნის მთავრობა და ბევრი ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალთა საერთაშორისო დღეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა