თეგებით ძიება
24. 09. 2024 მსოფლიო

მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია - ანტონიუ გუტერეში

მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გუტერეშმა უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და სუდანში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მზარდია იმ მთავრობებისა და სხვა ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც თავს გრძნობენ ისე, თითქოს „ციხისგან გათავისუფლების ბარათს“ ფლობენ.

„მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია. დღეს მთავრობებისა და სხვათა მზარდი რაოდენობა თავს გრძნობენ ისე, თითქოს აქვთ ციხისგან გათავისუფლების ბარათი. მათ შეუძლიათ, დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი. დაარღვიონ გაერო-ს წესდება. მათ შეუძლიათ, თვალი დახუჭონ საერთაშორისო კონვენციებზე ან საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. მათ შეუძლიათ, შეიჭრან სხვა ქვეყანაში, გაანადგურონ მთელი დასახლებები ან სრულიად უგულებელყონ საკუთარი ხალხის კეთილდღეობა და არაფერი მოხდება“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ანტონიუ გუტერეშმა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტზე ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, ლიბანი კიდევ ერთ ღაზად იქცეს.

„ჩვენი მსოფლიო ქარიშხალშია. ჩვენ ეპიკური ცვლილებების ერაში ვიმყოფებით, ვდგავართ არნახული გამოწვევების წინაშე და ეს გამოწვევები მოითხოვს გლობალურ გადაწყვეტილებებს. თუმცა გეოპოლიტიკური უთანხმოებები გაღრმავებას განაგრძობს. პლანეტა სულ უფრო თბება. ომები მძვინვარებს და მათი დასასრული წარმოუდგენელია, ბირთვული იარაღი და ახალი შეიარაღება ამ ყველაფერს ბნელ ჩრდილს აყენებს. ჩვენ მივექანებით დენთის კასრისკენ, რომელიც მთელი მსოფლიოს ცეცხლში გახვევის საფრთხეს ქმნის. ამავე დროს, 2024 წელი არის წელი, როდესაც ადამიანები მიდიან არჩევნებზე და ეს მთელ კაცობრიობაზე აისახება. მე ვდგავარ თქვენ წინაშე ამ ქარიშხალში და დარწმუნებული ვარ ორ მთავარ ჭეშმარიტებაში. პირველი – ჩვენი მსოფლიოს მდგომარეობა არამდგრადია. ასე გაგრძელება არ შეიძლება. და მეორე – ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭიროა, დავრწმუნდეთ, რომ საერთაშორისო პრობლემების მოგვარების მექანიზმები ნამდვილად აგვარებენ პრობლემებს“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასტაბილურობის მამოძრავებელ სამ ძირითად ფაქტორს დაუპირისპირდეს. მისი განმარტებით, ესენია – დაუსჯელობა, უთანასწორობა და გაურკვევლობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა