პარტია „მოქალაქეები“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პარტია მოქალაქეების ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
საქმე ეხება TV პირველის ეთერით 6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც ბერა ივანიშვილი და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ. ჩანაწერის მიხედვით, დავალებებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი, ანზორ ჩუბინიძე ასრულებს.
ალეკო ელისაშვილის თქმით, კომისიის შექმნა აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან კითხვას გაეცეს პასუხი.
"რამდენიმე დღე გავიდა და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა - არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, მეორე - ამ ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები იკავებდნენ თუ არა ჩანაწერების გაკეთების დროს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა ისინი სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის.
პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე იყოს პასუხები. შესაბამისად, ჩვენ, პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები მივმართავთ ქართულ ოცნებას და მოვუწოდებთ, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.