პროკურატურას გამოძიება ჩანაწერების შინაარსის გამო უნდა დაეწყო - საია
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სკანდალური ჩანაწერების საქმეზე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას გამოძიება ჩანაწერის შინაარსის გამო უნდა დაეწყო, რადგან ის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, პროკურატურამ შინაარსის გამოძიებაზე უარის თქმით კანონი დაარღვია.
"აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტები, რომლებიც ამ ჩანაწერის შინაარსიდან იკითხებოდა და სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაწყებულიყო გამოძიება. ანუ უნდა შეფასებულიყო ამ ჩანაწერის ნამდვილობა და ამის შემდეგ შეფასებულიყო, იყო თუ არა ამ ქმედებებში დანაშაულის ნიშნები
შესაბამისად, აქ გამოძიება უნდა დაწყებულიყო სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით და ასევე შესაძლებელია გამოკვეთილიყო სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნები.
ფაქტობრივად შინაარსის შეფასებაზე და შინაარსზე გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ უარი თქვა, რითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონი დაარღვია", - თქვა სიმონიშვილმა.
წყარო:newposts.ge