თეგებით ძიება

ევროპარლამენტარები - დროა საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის

ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი „სოციალ-დემოკრატები“ აცხადებენ, რომ „დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის“. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების, შემდეგ სოციალ-დემოკრატების ჯგუფი დღეს პლენარულ სხდომაზე როგორც მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“, ასევე ოპოზიციას მოუწოდებს, კვლავ ჩაერთონ დიალოგში და აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში. ეს ერთადერთი გზაა ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორისთვის, თუ მათ არ სურთ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობას და ევროატლანტიკური თანამშრომლობისკენ სწრაფვას“, - ნათქვამია ჯგუფის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

განცხადებაში საკუთარ აზრს აფიქსირებენ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი და ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი.

„მე არ ვეთანხმები ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას, რაც კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას. ხელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ დაძაბულობის განმუხტვაზე, ასევე იმაზე, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური დაპირისპირებიდან მოძებნონ გამოსავალი და პროვოკაციებს არ უპასუხონ არაპროპორციული მეთოდებით. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ძალზე რთულია. დაძაბულობა მაღალია მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR- მა გარკვეული დარღვევების მიუხედავად, არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს და მას შემდეგ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს.

მე მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდეს პარლამენტში და ვურჩევ ევროპარლამენტში მყოფ მათ მეგობარ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამ მოწოდებას. საქართველოს პარლამენტი არის პოლიტიკური უთანხმოების მოსაგვარებელი და საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობის გასაგრძელებელი ადგილი.

ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფება დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ისევე როგორც ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი, არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის პოლიტიკური ინტერესების მძევალი. ამიტომ, ნეიტრალური შეხედულებების მქონე პირებმა როგორც მმართველ პარტიაში, ასევე ოპოზიციაში უნდა მოიპოვონ უპირატესობა და პოლიტიკურ დაყოფაზე მაღლა უნდა დადგნენ, რათა გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი”, - აცხადებს სვენ მიკსერი.

მარინა კალიურანდი თავის მხრივ, აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მიღწევები საფრთხის ქვეშ არის.

„საქართველო წლების განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოდელი, რომელიც შექებას იმსახურებდა მისი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისა და პრო-ევროპული რეფორმებისთვის. სამწუხაროდ ახლა ყველა ეს მიღწევა რისკის ქვეშ დგას. დასაკარგი დრო არ არის. პოლიტიკურ-პარტიულ ბატალიებში ფსონების გაზრდის ნაცვლად, საქართველოს პოლიტიკურმა აქტორებმა ორიენტირება უნდა მოახდინონ სამომავლო ამოცანებზე, კერძოდ კი პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე და პრო-ევროპულ რეფორმებზე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ხაზს უსვამს სასამართლო რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდისა და უმაღლესი სასამართლო სტანდარტების დამკვიდრებისთვის. ეს ეხება განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას“, - აცხადებს მარინა კალიურანდი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა