სვენ მიქსერი - მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს პარლამენტს
ოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს პარლამენტს – ამის შესახებ აცხადებს ევროპარლამენტის წევრი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი.
„მე არ ვეთანხმები ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას, რაც კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას. ხელისუფლებაში მყოფთ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ დაძაბულობის განმუხტვაზე, შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამოსავლის ძიებაზე და იმაზე, რომ არ უპასუხონ პროვოკაციებს არაპროპრციულად. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ძალიან რთულია და არ არის მხოლოდ შავი და თეთრი. დაძაბულობა მაღალია მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.
მიუხედავად იმისა, რომ ოდირმა გარკვეული დარღვევების მიუხედავად, არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს და ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს. მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს პარლამენტს და მოვუწოდებ მათ მოკავშირე პარტიებს ევროპარლამენტში, მხარი დაუჭირონ ამ მოწოდებას. საქართველოს პარლამენტი არის პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებისა და საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე მუშაობის გაგრძელების ადგილი.
ქართველი ხალხის დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი ლეგიტიმური მისწრაფებების, ასევე ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი არ შეიძლება, იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების მძევალი. შესაბამისად, როგორ მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში ზომიერმა პირებმა უპირატესობა უნდა მოიპოვონ, პოლიტიკურ დაყოფაზე მაღლა დადგნენ და გადაჭრან მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი“, – აცხადებს სვენ მიქსერი.
სვენ მიქსერის მოწოდება მოცემულია ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრები განცხადებაში, რომელიც პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფი მოუწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას, ხელახლა ჩაერთონ დიალოგში და აქტიურად შეუწყონ ხელი პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციას. ეს არის წინსვლის ერთადერთი გზა ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორისთვის, თუ მათ არ სურთ ქვეყნის სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნა.