თეგებით ძიება

არანაირი “დედის კულტი” არ არსებობს სინამდვილეში, აქვე მადლობა ჩემი ოჯახის კაცებს, რომლებსაც არ უცდიათ ჩემი შეგინებისთვის საკუთარი ღირსების დაცვა - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია ბერა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება.

“არანაირი “დედის კულტი” არ არსებობს სინამდვილეში. არსებობს პატრიარქალური მენტალობა, რომელიც ოჯახში ქალს მიიჩნევს კაცის საკუთრებად და თუ ვინმემ ეს ქალი შეურაცხყო, ქალს კი არ აცლიან სათანადო პასუხის გაცემას, არამედ კაცები ამას იღებენ პირად შეურაცხყოფად და ებმებიან კონფლიქტში. ანუ იწყებენ სხვა, შეურაცხყოფის მიმყენებელი კაცის (და არა ქალის, ქალი ადამიანი არაა და რაც უნდა ის იტლიკინოს) გინებას, ცემას, “მიკაჩავებას”.

ის კაცები, რომლებსაც არ ყავთ მამიკოს დაცვა და თავადაც ეშინიათ კონფლიქტში ჩაბმის, (რადგან საცემრად რომ მიდიხარ, შეიძლება აქეთ გცემონ იმ წუთში ან მომავალში), საკუთარ დედებს/ცოლებს/დებს აკონტროლებენ.

მაგალითისთვის ერთ-ერთ ბნელ არხზე გაირჩეოდა ამას წინათ, რომ ქალიშვილი ჯობია სცემოს მამამ, ვიდრე სხვამ გააუპატიუროსო. გეცნოთ ლოგიკა? ვინც ოჯახში ქალს არარაობად მიიჩნევს, აკონტროლებს ამ ქალს, რომ არავინ შეაგინოს/აწყენინოს, რადგან მის საკუთრებაზე თავდასხმას უპასუხოდ ვერ დატოვებს და კონფლიქტი არ ასცდება.

ესაა “ქალის/დედის კულტი” და ის კარგ რამეს სულაც არ ნიშნავს ქალებისათვის. ლამაზი სიტყვებით შეფუთული ნივთია ქალი, ოჯახის კაცის ღირსების ნაწილია და არა დამოუკიდებელი სუბიექტი. გგონიათ, კარგია იყო ქმრის, მამის, ძმის, ვაჟის ღირსება? არა, ეს საშინელებაა! იყო სხვისი ღირსება ნიშნავს იყო ნივთი და არ იყო ავტონომიური ადამიანი საკუთარი პრობლემებით.

აქვე, მადლობა ჩემი ოჯახის კაცებს, რომლებსაც არ უცდიათ ჩემი შეგინებისთვის საკუთარი ღირსების დაცვა. ასე რომ ეფიქრათ, აუცილებლად გამაჩუმებდნენ და აქტივიზმს ამიკრძალავდნენ, რადგან ფიზიკურად ვერ გასწვდებოდნენ ჩემ მაგინებლებთან ჩხუბს. მადლობა იმ კაცებს, რომლებიც ქალებს აცლიან თავად მოაგვარონ საკუთარი პრობლემები, ნივთივით გაკონტროლებული და სახლში გამოკეტილები არ უზით ცოლები და დედები.

კაცი, რომელიც ქალს საკუთარი ღირსების ნაწილად მიიჩნევს, თუ ვერ გააკონტროლა ეს ქალი – კლავს! სხვა არც ერთ ვარიანტში არ ჩაიდენს ფემიციდს. ჰოდა “ქალის/დედის კულტი” მკვლელი მენტალობაა! ამიტომ თუ რამე უნდა დავამხოთ ქალებმა ეს ლამაზად შეფუთული “დედის/ქალის კულტია”.
ძირს “დედის/ქალის კულტი” და მისით დაფარული მკვლელი აზროვნება!”, – წერს ბაია პატარაია.

თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს მოვთხოვ დღესაც, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა.

შეგახსენებთ, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი", სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა