თუ ჩემს ოჯახს ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს, რა თქმა უნდა, მეც მოვითხოვ პასუხს - „ქართული ოცნების“ დეპუტატი
ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ისიც მოთხოვდა პასუხს ადამიანს, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებდა. ასე ეხმაურება იგი აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ბერა ივანიშვილის პირველ საჯარო პასუხებს.
"ბერა ივანიშვილმა თქვა ის, რასაც ვფიქრობ, რომ თქვენც იგივეს იტყოდით, მეც იგივეს ვიტყოდი და გიდასტურებთ, რომ რაც თქვა ბერა ივანიშვილმა, თუ მე და ჩემს ოჯახს ვინმე არასწორად და შეურაცხყოფას მიაყენებს, რა თქმა უნდა, აქვე გეუბნებით, რომ მეც მოვითხოვ პასუხს", — თქვა მან.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
ჩანაწერების შემდეგ, ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია იმედს ინტერვიუ მისცა. მთელი ინტერვიუს განმავლობაში მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ნამდვილი არ არის. მეტიც, აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, პასუხს მოსთხოვს. დაადასტურა ბავშვების მშობლებთან მისვლაც, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები კანონისა და მორალის დაცვით მოინახულეს.