იქ არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შურს იძიებს — სერგეენკო „ტვ პირველის“ ჩანაწერებზე
ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო ფიქრობს, რომ "ჩვეულებრივი ამბავია", როცა ადამიანი ამბობს, რომ თუ მის ოჯახს შეუარაცხყოფას მიაყენებენ, პასუხს მოთხოვს მათ. მისი თქმით, აუდიოჩანაწერებში არ ყოფილა საუბარი, რომ ბერა ივანიშვილი "შურს იძიებდა" ვინმეზე.
"ყველა მათგანმა, ამ მონაწილეებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ეს არის 10-11 წლის წინანდელი ამბავი, რომელშიც მონაწილეობდა 16 წლის მოზარდი და ადამიანები, რომლებიც მაშინ არ იყვნენ საჯარო მოხელეები. რაც შეეხება იმას, რომ ესა თუ ის ადამიანი, იქნება ეს ბერა თუ ვინმე სხვა, ამბობს, რომ თუკი მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოთხოვს, ეს არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავი მგონია. იქ არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შურს იძიებს ან რაიმე სხვას გააკეთებს", — თქვა მან.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
ჩანაწერების შემდეგ, ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია იმედს ინტერვიუ მისცა. მთელი ინტერვიუს განმავლობაში მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ნამდვილი არ არის. მეტიც, აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, პასუხს მოსთხოვს. დაადასტურა ბავშვების მშობლებთან მისვლაც, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები კანონისა და მორალის დაცვით მოინახულეს.