თეგებით ძიება

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თუ კალაძე კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე, ის აუცილებლად გაიმარჯვებს

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მერის თანამდებობაზე მუშაობას მომავალში კვლავ კახა კალაძე გააგრძელებს.

„კახა კალაძე არის გუნდის გამორჩეული ლიდერი, წარმატებული მერი. ვისურვებდი და ღრმად მწამს, რომ კახი კალაძე იქნება კვლავ დედაქალაქის მერი, რადგან ის გეზი, რაც მას აქვს აღებული ქალაქის განვითარებისთვის, არის სწორი და ხელშესახები შედეგებია. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, უკვე დავიწყეთ მზადება, დაიწყება შეხვედრები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან“, აღნიშნა მაია ბითაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა კი განაცხადა, რომ დღევანდელი უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა ძირითადად თვითმმართველობის საკითხებს ეხებოდა და კახა კალაძე თუ კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას თბილისის მერად, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს.

„გავიარეთ ტექნიკური საკითხები. რაც შეეხება მერებს, გვექნება ამაზეც შემდეგ ეტაპზეც მსჯელობა და აუცილებლად გაიგებს საზოგადოება. სხვადასხვა დამოკიდებულებები არსებობს, გვექნება მსჯელობა, გავივლით ყველა კანდიდატს, ესეც პროცესია ჩვეულებრივი. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა სასურველი კანდიდატები შევარჩიოთ. უფრო მეტი დრო გვაქვს, რათა გამოცდილება, რაც შევიძინეთ, კიდევ კარგად ავწონ-დავწონოთ, ვინ იქნება მისაღები ამა თუ იმ რეგიონში მერად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირსეული მერი ყავს დღეს ჩვენს ქალაქს და თუ კვლავ დააყენებს კახი კალაძე თავის კანდიდატურას, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს“, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ კი განაცხადა, რომ დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.

მისი თქმით, თავად კალაძის დამოკიდებულებაა, რომ ის პოზიცია დაიკავოს, სადაც გუნდს დასჭირდება.

„დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო. მოლოდინი მაქვს, რომ დედაქალაქს კახი კალაძის მსგავსი კანდიდატი კიდევ ერთხელ დაამშვენებდა, რადგან ის გამოწვევები, რაც ჰქონდა ქალაქს – ეკოლოგია, გამწვანება და ინფრასტრუქტურა – ამ ადამიანმა, თავის გუნდთან ერთად, გადაჭრა. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. კალაძის დამოკიდებულებაა, რომ სადაც გუნდს დასჭირდება, იმ პოზიციაზე იქნება“, განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა