აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალი გუმბათი და ტელესკოპი დამონტაჟდა
დასრულდა აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი გუმბათის და ტელესკოპის სამონტაჟო სამუშაოები. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა დაამზადეს. ამჟამად დაწყებულია ტესტირების პროცესი, რასაც მოჰყვება კვლევითი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობები. ასეთი ინფრასტრუქტურით აბასთუმნის ობსერვატორია იბრუნებს და ავითარებს დიდი სამეცნიერო მიზიდულობის ცენტრის მნიშვნელობას, საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის ახალი ტელესკოპის სამონტაჟო სამუშაოების მონახულების შემდეგ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი ტელესკოპის (1.5 მ დიამეტრის დისტანციურად მართვადი სარკით), სპექტროგრაფის და 12 მეტრის რადიუსის ახალი გუმბათის დამზადება-მონტაჟის სამუშაოები დაასრულა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აბასთუმნის ტელესკოპი ავსტრიულმა კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“-მა დაამზადა, რომელსაც ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარების წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აბასთუმნის ახალი ტელესკოპი ტესტირების რეჟიმში უკვე მუშაობს.
პროექტს, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 8.6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
„მთლიანობაში, ობსერვატორიის ტერიტორიაზე მოწესრიგდა აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურული თუ ფუნქციური დატვირთვის მქონე შენობა, რომლითაც ობსერვატორიას დამოუკიდებლად შეუძლია სამეცნიერო თუ კვლევითი საქმიანობის განვითარება. ახალი ტელესკოპის, შესაბამისი აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის პირობებში, აბასთუმნის ობსერვატორია უმასპინძლებს მაღალი დონის კონფერენციებს და სიმპოზიუმებს. მოხარული ვართ, რომ ვმონაწილეობთ პროექტში, რომლითაც აბასთუმნის ობსერვატორია ასტროფიზიკური მეცნიერების მსოფლიო ცენტრი გახდება“, - აღნიშნა ქარსელაძემ.
„ობსერვატორიის შენობის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, ობსერვატორიის ასტრონომიული მულტიმედიური სივრცე და სამუშაო ოთახები. ასევე, დასრულდა ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასადილოს შენობის რეაბილიტაცია და ობსერვატორიაში ციფრული მუზეუმის მოსაწყობად მომზადდა მუზეოგრაფიის და ინტერიერის პროექტი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარებისათვის, დაასრულა კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების ისტორიული სახლების, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, 1982 წელს აშენებული საბაგირო სადგურის და ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.