თეგებით ძიება

პარლამენტთან მოშიმშილე შუქრუთელები სახალხო დამცველმა მოინახულა

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 25-ე დღეა შიმშილობენ, პარლამენტის წინ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მოინახულა.

„25 დღეა, ვშიმშილობთ და პირველად მოხვედით, რაის სახალხო დამცველი ხართ, პატივცემულო?“ – მიმართეს პროტესტის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს.

შუქრუთელებმა მას განუმარტეს, რომ შეზღუდული აქვთ უფლებები, მათ შორის, პროტესტის და გამოხატვის თავისუფლება.

გიორგი ნეფარიძემ იოსელიანს მათი პრობლემები და „ჯორჯიან მანგანეზთან“ დავის მიმდინარეობა გააცნო. გიორგი ნეფარიძემ სახალხო დამცველს ჰკითხა, როდესაც კონკრეტული კომპანიის ქმედების გამო ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, რა ბერკეტი აქვს სახალხო დამცველს, რაზეც იოსელიანმა თქვა, რომ ამაზე უნდა მიმართონ ომბუდსმენის ოფისს საქმის შესასწავლად.

მან შუქრუთელებს სამართლებრივი საქმის შეფასების მოსამზადებლად დოკუმენტაციის მიტანა სთხოვა. გარდა ამისა, ლევან იოსელიანმა განმარტა, რომ გაავრცელა განცხადება და შსს-საც მიმართა, მიეცეთ პროტესტის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება.

„მე მათ ავუხსენი კიდევ ერთხელ, მთელი ამ პერიოდის მანძილზე გვქონდა კომუნიკაცია მათ ადვოკატებთან, ვთხოვდით, წარმოედგინათ დოკუმენტაცია, რათა შევძლოთ მათი საკითხის შესწავლა. დღემდე, სამწუხაროდ, არაფერია წარმოდგენილი, დღეს კიდევ ერთხელ ვთხოვე და დამპირდნენ, რომ შემოიტანენ იმ საბუთებს, რაც ადასტურებს მათ პრეტენზიებს – სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებას, პროტესტის გამოხატვის უფლებაში ჩარევას და ა.შ.

მინდა, საზოგადოებასაც განვუმარტო, რომ არის საკითხები, რომელშიც სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, არაა ჩვენი კომპეტენცია. კომპენსაციის საკითხი, რომელიც არის მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, სასამართლოს გადასაწყვეტია. სხვა საკითხები, რაც დაკავშირებულია საპროცესო უფლებამოსილებასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან, არის ჩვენი მანდატი და კიდევ ერთხელ ვთხოვე, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომ შევძლოთ შესწავლა. რამდენჯერმე მათ ადვოკატებთან კონტაქტისა, არაფერი წარმოდგენილი არ იყო და ჩვენ ვერ შევისწავლიდით“, – უთხრა იოსელიანმა „პუბლიკას“.

პროტესტის მონაწილეების პრეტენზიაზე, რომ ომბუდსმენი 7-თვიანი პროტესტის განმავლობაში პირველად მივიდა მათთან, იოსელიანი ამბობს, რომ თვითონ ყველგან ვერ მივა, მისი წარმომადგენლები კი შუქრუთშიც იყვნენ და პარლამენტთანაც. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კონტაქტი აქვთ ადვოკატებთანაც.

„გუშინ დამირეკა ერთ-ერთმა, მთხოვა, პირადად თქვენ გვინდა რომ მოხვიდეთო და როგორც კი დამირეკეს, მაშინვე მოვედი, მაგრამ ჩემი მოსვლა ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს, ამაშია საქმე. ყურადღებას ვაქცევთ, კარვის შემთხვევაში განცხადებაც გავავრცელეთ. ჩვენი თანამშრომლები მოდიან, პერიოდულად ინტერესდებიან მათი მდგომარეობით, ოღონდ ამაზე მეტის გაკეთება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია, გარდა იმ სამართლებრივი პროცედურებისა, რაც ჩვენი მანდატით შეგვიძლია, თუ წარმოადგენენ დოკუმენტაციას. ყალბ მოლოდინს ვერავის ვერ შევუქმნი, მით უმეტეს, ადამიანებს, რომლებიც შიმშილობენ“, – განაცხადა მან.

სახალხო დამცველის საპასუხოდ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ ყველა დოკუმენტი სახალხო დამცველს უკვე აქვს.

„თუ რამე დოკუმენტაცია არსებობს, ყველანაირ დოკუმენტაციასთან წვდომა აქვს ბატონ ლევან იოსელიანს, აქ მოსვლის და მასთან საუბრის შემდგომ დაგვრჩა იმის განცდა, რომ თავად  ბატონი ლევან იოსელიანის უფლებები არაა დაცული და შეზღუდულია მაგ ადამიანის უფლებები და სუფთა ადამიანურად შეგვეცოდა ბატონი ლევან იოსელიანი“, – უთხრა ნეფარიძემ „პუბლიკას“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა