თეგებით ძიება

გერმანიაში ქართველებისთვის ამჟამად რამდენი ვაკანსიაა? - ზუსტი ოდენობა ცნობილია

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში ქართველებისთვის ამჟამად 300-მდე ვაკანსია გამოიძებნა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოში ვაკანსიების რაოდენობის ეტაპობრივ ზრდას ელიან.

რეგისტრირებულთაგან შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია. გრძელდება ვაკანსიების მიღების პროცესიც.

სამმართველოში გამორიცხავენ ვაკანსიების რაოდენობის მსურველების რაოდენობასთან გათანაბრებას, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ ვაკანსიების ოდენობაც გაიზრდება და ათასებს გაუტოლდება. ვაკანტური სამუშაო ადგილების ინტენსიურ მატებას გერმანიიდან ქართველი მოქალაქეებისთვის აპრილის დასაწყისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე ელოდებიან.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

.უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე;
• გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
• ფიზიკური ჯანმრთელობა;
• მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
• ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
• გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 - 10 საათი დღეში.
მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. რეგისტრაცია საქართველოს 96 000-მდე მოქალაქემ უკვე გაიარა. გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებს ლეგალური დასაქმება სეზონურ სამუშაოებზე 1 აპრილიდან სამი თვით შეუძლიათ.


report.ge





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა