დღეს თბილისს კრისტიან დანიელსონი ეწვევა
შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, საქართველოს რამდენიმე საათში ეწვევა.
დიპლომატის ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იქნება.
არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში პლებისციტთან დაკავშირებული ახალი იდეები აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ დიალოგის კონკრეტული შედეგით დასრულება სურთ და მმართველი გუნდი მნიშვნელოვანი დათმობისთვის მზად არის.