ეჭვიანობდა, მეუბნებოდა, ეს ბავშვი ჩემი არ არისო... შვილი მომიკლა - გარდაცვლილი ჩვილის დედა შემზარავ ღამეს იხსენებს
გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს გარდაცვლილი 11 თვის ჩვილის დედა, თეონა ონიაშვილი, მეუღლის, ზურაბ შავლიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და მას მკვლელს უწოდებს.
„ხშირად სვამდა და ჩხუბობდა, ეჭვიანობდა. ხშირად მეუბნებოდა, ეს ბავშვი ჩემი არ არის, თბილისიდან გამოგატანესო. იმ დღისითაც იეჭვიანა და ჩხუბი ამიტეხა. ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, ბავშვს მიკლავს მეთქი და არცერთი მეზობელი არ მომეხმარა. ბავშვს საფეთქელთანაც ჰქონდა დაზიანება და ყელშიც. ვთვლი, რომ ჩემი ქმარი სწორად დააპატიმრეი.
შვილი მომიკლა, წიწილა ხომ არ არის? 11 თვის ბავშვი ცივ სამარეში ჩავდე და რატომ არ უნდა დაისაჯოს ასეთი მამა? მოსამართლეს ვეთანხმები, უნდა დაისაჯოს! ამბობენ, ღუმელი რომ მესროლა, ბავშვი ავიფარე - ტყუილია. ანთებული ღუმელი რომ მესროლა, უცბად ღუმელის კარი გაიღო და ბავშვს თავში მოხვდა. ცოტა სუნთქავდა, როცა მეზობელთან გავიყვანე და სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ დაიღუპა.”, - ამბობს თეონა ონიაშვილი.
შემზარავი შემთხვევა გურჯაანში 9 მარტს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ცოლ-ქმარს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს შავლიაშვილმა მეუღლეს ლითონის ანთებული ღუმელი იმ დროს ესროლა, როცა ქალს ხელში ბავშვი ეჭირა. 11 თვის ჩვილი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
ჩვილის მამას, ზურაბ შავლიაშვილს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.