ომბუდსმენი - სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველში“ ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია
სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველში“ ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.
"2021 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნებართვა გასცა საგამოძიებო ორგანოს მიერ ტელეკომპანია „TV პირველში“ ამოღების ჩასატარებლად, რათა გამოძიებამ მოიპოვოს ტელეკომპანიისთვის გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი ან სხვა შეფუთვა, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული მოწყობილობა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მოპოვებულია ჟურნალისტის კონფიდენციალური წყაროს გამოყენებით. ჟურნალისტის უფლება, არ დაასახელოს წყარო და არ გადასცეს გამოძიებას პროფესიული საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, პირველ რიგში, დაცულია შიდა კანონმდებლობით. მასმედიაში ჩხრეკა-ამოღების განხორციელება დაშვებულია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა „არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, [..] უფლების ხელყოფას“.
სასამართლოს მიერ გაცემულ ორგვერდიან განჩინებაში საერთოდ არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი შინაარსის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე, რის გამოც აღნიშნული განჩინება საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითება გვხვდება მხოლოდ გამოძიების ინტერესთან დაკავშირებით. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ ცდილობს გამოძიება ჟურნალისტის გამოკითხვის გვერდის ავლით მისი კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენას, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ძირითადი პრივილეგიის დარღვევაა. კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნებაზე უარი წარმოადგენს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების ელემენტს, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესად აღიქვამს.
ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხელისუფლება უაღრესი სიფრთხილით უნდა მოეპყრას ჟურნალისტის უფლებას, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა. კონვენციის მეათე მუხლის (გამოხატვის თავისუფლების) დარღვევა დგინდება ყველა შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება (მოცემულ შემთხვევაში - სასამართლო) გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებს ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობას მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. თბილისის საქალაქო სასამართლოს არც იმაზე უმსჯელია, განჩინების აღსრულება ხომ არ გამოიწვევდა ჟურნალისტის ხელთ არსებული სხვა წყაროს ვინაობის გამჟღავნებას, რაც მეათე მუხლის დარღვევის დამატებითი საფუძველია.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება არის დაუსაბუთებელი როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე - ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას.