"ეს არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების" - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც, სავარაუდოდ, ის ბერა ივანიშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან ერთად ფიგურირებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს და მის გავრცელებას მიხეილ სააკაშვილის მიერ პროვოკაციის მცდელობად აფასებს - იმ ფონზე, როდესაც, მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის რეალური კონტურები გამოიკვეთა.
პრემიერი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პროვოკაციას გაემიჯნება.
"ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ. მეორე - თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ფაბრიკაცია. საუბარი იყო, მაგალითად, იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი, რომ მინისტრები დამირეკავენ - მე მინდა განმარტება გავაკეთო, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა. მოგეხსენებათ, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში, ჩვენ 200-300 მლნ-იანი პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში, 3 მლრდ დოლარი აქვს დახარჯული ბიძინა ივანიშვილს ამ ფონდის მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში. ბუნებრივია, მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია, მათ შორის, მინისტრებთან, არაერთი შეხვედრა მქონდა ნიკა რურუასთან, ბატონ სანდრო კვიტაშვილთან, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან - ქალბატონ სანდრასთან გვქონდა მოლაპარაკებები არაერთ პროექტზე და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო, როდესაც მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი.
პასუხი ძალიან მარტივია - პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და არავითარი ლოგიკა არ არსებობს, თუ როგორ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული საკითხი.
მეორე - საუბარი იყო, რომ ეს საუბრები 2017 წელს იყო გაკეთებული, ამ დროს მე ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში, 4 წელი არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში, ეს არგუმენტიც არის საფუძველს მოკლებული," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.