ვახტანგ მეგრელიშვილი - თუ ყველანი გარკვეულ კომპრომისებზე წავალთ, შეთანხმებას წარმატების შანსი აქვს
ვფიქრობთ, გაჩნდა შანსი, თუ ჩვენ ყველანი გარკვეულ კომპრომისებზე წავალთ, შეთანხმებას აქვს წარმატების შანსი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მეგრელიშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მონაწილეობით შეხვედრაზე თითოეულ საკითხზე დეტალურად მიდის შეთანხმება.
„ფაქტობრივად თითოეულ საკითხზე უკვე დეტალურად მიდის შეთანხმება და ჩვენც ვფიქრობთ, რომ გაჩნდა შანსი, თუ ჩვენ ყველანი გარკვეულ კომპრომისებზე წავალთ, ანუ ვერავინ მოიგებს, რაღაცა გამარჯვებას ვერ იზეიმებს ამ მოლაპარაკებებიდან, და შევხედავთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენთვის ერთად გადასაწყვეტი, ამ შეთანხმებას აქვს წარმატების შანსი. ამის დიდი იმედი მინდა ვიქონიო. დღევანდელმა შეხვედრამ ამაში იმედები მომიმატა.
წინადადებები, რომლებიც დევს მაგიდაზე ფაქტობრივად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იყო განხილული, მაგრამ არ შემიძლია, კონკრეტულად რამე დაგიდასტუროთ, რადგან დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. დღეს მთელი დღის განმავლობაში იქნება მოლაპარაკება და ვფიქრობ, ხვალისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს რაღაც შედეგი. ჩვენ გვითხრეს, რომ დღეს გვიანობამდე თუარ დავიძინებთ, შეიძლება, გაიმართოს შეხვედრა“, – დასძინა ვახტანგ მეგრელიშვილმა.