ძალიან მომენატრეთ… - ნიკა მელია ციხიდან წერილს ავრცელებს
“ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან წერილს ავრცელებს. წერილი სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“გამარჯობა ყველას,
მგონი, ყველაზე მეტად ფაცებოოკ სივრცეში ყოფნა მომენატრა. ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა საკანში პირველი 3-4 დღე გაღვიძებისთანავე მობილურ ტელეფონს ვეძებდი… მერე კი, შევეგუე, რომ ოფისში დამრჩა ერთი სიტყვით, ძალიან მომენატრეთ… ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა.
ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ჩვენი ამირეკელი და ევროპელი მეგობრებისგან იღებს. მათ სჯერათ ქართველების კეთილგონიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების და სჯერათ, რომ შევძლებთ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ.
ეს მხარდაჭერა ძალას და მოტივაციას მმატებს, აქ ციხეში. პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ და ქვეყნის მომავლისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გავხსნათ.
ამისთვის საჭიროა, ამ მხარდაჭერას ბოლომდე ჩავეჭიდოთ, სწორად გამოვიყენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი მეგობრები საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად იჩენენ და ეს კეთილგანწყობა არ გავფლანგოთ.
ამისთვის საჭიროა, ოლიგარქის ხელისუფლებამ უპირობოდ გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ.
ჩვენ რეალური საარჩევნო რეფორმა უნდა განვახორციელოთ და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად რეალური მექანიზმები შევიმუშავოთ.
ეს უნიკალური შანსი უნდა გამოვიყენოთ და ის რეფორმები გავატაროთ, რომლებიც სახელმწიფოს შტოებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელს გახდის, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები ყოველთვის ექნება და დამოუკიდებელი ინსტიტუტები ვეღარ მოექცევიან ხელისუფლების პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ.
და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
ქართულ ოცნებას ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისების დასაძლევად , რომელთაც დრამატულად მძიმე მასშტაბებს მიაღწიეს აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა.
ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
ჩვენ დამოუკიდებლობის ურთულესი ოცდაათწლიანი პერიოდი გამოვიარეთ, ენით აღუწერელ სირთულეებს გავუძელით და ყოველთვის წინ მივდიოდით – ზოგჯერ პატარა ნაბიჯებით, ზოგჯერ დიდი ნახტომებით.
ჩვენ შევძელით არშემდგარი სახელმწიფოდან რეგიონში სამაგალითო ქვეყანა გავმხდარიყავით. ამ გზაზე ბევრი ძალიან მძიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მათმა გაანალიზებამ, დიდ გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად, ცოდნა შეგვძინა, როგორ აღარ უნდა გავიმეოროთ ისინი.
ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძლიერი თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გვყავს სამოქალაქო აქტივისტების ახალი თაობა – თავიანთ სფეროებში ძალიან წარმატებული ახალგაზრდები. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ავტორიტარიზმის იმ ღრმა უფსკრულში არ გადავეშვათ, რომელსაც ერთი ნაბიჯი გვაშორებს.
ამიტომ, კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ.
რუსთავის ციხე, საკანი #224
13.03.21. 01:40 სთ.
პ.ს.100 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ჩვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება დავკარგეთ. მაშინ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც უბრძოლველად არ დანებდა და 5 კვირა დასავლეთისგან მიტოვებული წითელ ურჩხულთან უთანასწორო ბრძოლაში იბრძოდა.
დღეს, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით ჩვენი მეგობრები არიან. ისინი, ვისაც საქართველოს წარმატების სჯერათ, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ჩვენ უნდა ვირწმუნოთ.” – წერს ნიკა მელია.