მთავრობაში განმარტავენ, რატომ შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შარლ მიშელს მეორეჯერ
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი განმარტავს, რატომ შეხვდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მეორეჯერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს:
"მეგობრებო, როგორც იცით, დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში.
ვიზიტის დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი შეხვედრა პირისპირ ფორმატში გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. ვინაიდან პირისპირ შეხვედრა პროტოკოლით გათვალისწინებულზე მეტხანს გაგრძელდა, ვერ მოესწრო გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების გამართვა.
პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ევროპული საბჭოდან გაემგზავრა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, რომელიც შედგა დღის წესრიგით გათვალისწინებულ დროს.
ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერ ზალკალიანთან და ელჩ საბანაძესთან ერთად, დაბრუნდა ევროპულ საბჭოში, სადაც პრეზიდენტ მიშელთან გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა.
ამ წუთებში პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტ მიშელს შორის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს", - წერს გიორგობიანი ფეისბუქზე.