თეგებით ძიება

ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის განმავლობაში ადმინისტრაციას არ შეუძენია არცერთი ავტომობილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს, ადმინისტრაციას არ შეუძენია არცერთი ავტომობილი.

TIA.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე - „ჰიგიენურ საშუალებებსა (ტუალეტის ქაღალდებსა და საპონზე)“ და საპროტოკოლო ხარჯებთან დაკავშირებით შენიშვნებს არასერიოზულად მიიჩნევს.

ჰიგიენური საშუალებების წლიური ხარჯი არ მოიცავს მხოლოდ ქაღალდისა და საპნის ხარჯს, ის მოიცავს ასევე, კოვიდის პრევენციის მიზნით შეძენილ სადეზინფექციო საშუალებებსაც.

საკითხი, რომელზეც გვსურს საზოგადოების ინფორმირება, ეს არის ადმინისტრაციის ავტოპარკი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ავტოპარკი:
▪️ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ (2013) - 60 მანქანა;
▪️ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ (2018) - 44 მანქანა;
▪️ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ბალანსზე (2021) - 23 მანქანა, რომელთაგან უმეტესობა (15 ავტომანქანა) 2008 -2011-2012 წლის გამოშვებაა და შესაბამისად, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ხარჯებს საჭიროებს.

„TV პირველი“ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ავტომობილების მომსახურებასა და შეკეთების ხარჯებთან დაკავშირებით. მათ მიერ მითითებული თანხა - ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, კომპანიის მიერ ტენდერში შემოთავაზებულ წინადადებას (პრეისკურანტს) წარმოადგენს. გაფორმებული ხელშეკრულების თანხა კი, არაუმეტეს 54 728 ლარია.

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის განმავლობაში ადმინისტრაციას არ შეუძენია არცერთი ავტომობილი. რაც შეეხება პრეზიდენტს, როდესაც ის ფეხით არ დადის, სარგებლობს 2010 წელს გამოშვებული ავტომობილით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა