მანქანა, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია იყო მოთავსებული, საპატრულო პოლიციამ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა - ბაია პატარაია
კავშირის „საფარი" ხელმძღვანელის, უფლებადამცველის, ბაია პატარაიას განცხადებით, მანქანა, რომელშიც სცენისთვის საჭირო კონსტრუქცია იყო განთავსებული საპატრულო პოლიციამ ჯერ დაათვალიერა, ხოლო შემდეგ საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მძღოლს დროებით მობილური ტელეფონიც ჩამოართვეს, რათა მათთვის ინფორმაცია დროულად არ მოეწოდებინა.
„გუშინ, პრეზიდენტმა ბრიფინგზე დააანონსა, რომ აპირებდა ხალხისთვის მიმართვას. შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ პატარა სცენა და ხმის გამაძლიერებელი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობდა. მერიას ეს ვაცნობეთ (მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირაა). როდესაც ადამიანებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სცენას არ ადგმევინებდნენ, მეც მოვედი და მქონდა მოლაპარაკებები პოლიციასთან, რომელიც თითქოს წარმატებით დასრულდა. დავრეკეთ, რათა მოსულიყო მანქანა, რომელშიც სცენის კონსტრუქცია იყო. თავდაპირველად მძღოლს დავუკავშირდით, რომელიც დანიშნულების ადგილიდან გამოვიდა, ის გმირთა მოედანზე იყო (სადაც შეფერხება, საცობი იყო). შემდეგ კი გაქრა, ამ ადამიანს 30-40 წუთის განმავლობაში ვეღარ ვუკავშირდებოდით. ჩვენ ვიეჭვეთ, რომ ის დააკავეს. შემდეგ ამ ადამიანმა დარეკა და მითხრა, თუ როგორ გააჩერა საპატრულო პოლიციამ ის და როგორ დაათვალიერეს მისი მანქანა, როგორ გადაიყვანეს საჯარიმოზე და დროებით მძღოლს ტელეფონი ჩამოართვეს, რომ ჩვენთვის დროულად არ მოეწოდებინა ინფორმაცია.
ნებისმიერი კონსტრუქციის აგებას სჭირდება საათები, ეს კონსტრუქცია გვჭირდება იმისთვის, რომ მომიტინგეებმა კარგად გაიგონ, თუ რა აქვს პრეზიდენტს სათქმელი", - განაცხადა პატარაიამ.