„ვაქცინაცია მოსახლეობის დანარჩენი ჯგუფებისთვისაც სულ მალე შესაძლებელი გახდება“ - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ კოვიდვაქცინაციის შესახებ ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, სოფლის 300-მდე ამბულატორია სათანადოდ აღიჭურვება.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ პირველ რიგში დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის აცრა. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის დანარჩენი ჯგუფებისთვისაც შესაძლებელი გახდება.
ასევე, დღეს ერთ-ერთი საკითხი შეეხება პირველადი ჯანდაცვის საკითხის სერვისების გაუმჯობესების საკითხს, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით 300-მდე სოფლის ამბულატორიას აღვჭურვავთ, რაც კიდევ ერთხელ გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს და ასევე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ინფორმაციისთვის, 15 მარტს საქართველოში კოვიდვაქცინაცია დაიწყო. 13 მარტს ქვეყანამ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით ასტრაზენეკას 43200 დოზა ვაქცინა მიიღო. ვაქცინაციის ამ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.