მინდა მოვუწოდო მხარეებს, რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ
„ჩვენ მოვისმინეთ ასოცირების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობისა და სიტუაციის. ასევე, მოვისმინეთ მათი შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ის იყო თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული. აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მან მოლაპარაკების მხარეებს დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„დღეს მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ დიალოგის გაგრძელება და გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. იმედი მაქვს, ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში მიიღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს “, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკების მზაობისთვის მმართველი გუნდის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკების პროცესი დღესაც გაგრძელდება.
მხარეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილი ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების საკითხებს განიხილავენ.