რას აკეთებს მთავრობა ლარის კურსის გამყარებისთვის - ნათია თურნავას განმარტება
მთავარი, რასაც ლარის კურსის გამყარების მიმართულებით საშუალოვადიან პერსპექტივაში ვაკეთებთ, ეს არის ქართული ექსპორტის ზრდა. სწორედ ექსპორტი არის მთავარი წყარო, რომელიც არა მხოლოდ ლარის კურსს გაამყარებს, არამედ ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არის ისეთი საკითხი, რომელზეც კომპლექსურად უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან ეს საკითხი ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აწუხებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო საგადამხდელო ბალანსი და საგარეო სავაჭრო სალდო. ქართული წარმოების ექსპორტი 2020 წელს არ შემცირებულა და მეტიც, 3,5%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მთლიანობაში ექსპორტი, რეექსპორტის ჩათვლით, უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე იმპორტი, რაც საგადამხდელო ბალანსს აუმჯობესებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ყველა უწყება მუშაობს ამ მიმართულებით. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული განაკვეთი გაამკაცრა და ეს არის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია იმისა, რომ ლარის გაუფასურების ნაკლები რისკი გვქონდეს. მთავარი, რასაც ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერსპექტივაში ვაკეთებთ, ეს არის ქართული ექსპორტის ზრდა. სწორედ ექსპორტი არის მთავარი წყარო, რომელიც არა მხოლოდ ლარის კურსს გაამყარებს, არამედ ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა თურნავამ.