ქუჩას კი არა ფანჩატურსაც ვეღარ ავსებენ - კობახიძე ოპოზიციაზე
ქუჩას კი არა ფანჩატურსაც ვეღარ ავსებენ, ეს ნახევრად ხუმრობით. რეალურად ასეთია მათი პოზიციები, საზოგადოება აბსოლუტურად დაღალეს იმ რიტორიკითა და ქცევებით, რომლითაც ისინი გამოირჩევიან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია მოქმედებას კვლავ ამ მეთოდებით გააგრძელებს, მათი საქმე კიდევ უფრო მძიმედ წავა.
„ქუჩას კი არა ფანჩატურსაც ვეღარ ავსებენ, ეს ნახევრად ხუმრობით. რეალურად ასეთია მათი პოზიციები, საზოგადოება დაღალეს აბსოლუტურად იმ რიტორიკითა და ქცევებით, რომლითაც ისინი გამოირჩევიან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. საზოგადოებამ დაინახა და ყველას შეფასებით არჩევნები იყო სამართლიანი, მაგრამ მაინც არიან გაჯიქებულები და არ შედიან პარლამენტში, საზოგადოება ამას ხომ ხედავს და აფასებს და ბუნებრივია აქედანაც გამომდინარეობს ის, რომ მათი პოზიციები საზოგადოებასთან მიმართებით კიდევ უფრო შერყეულია, ვიდრე ეს თუნდაც არჩევნების წინ იყო, აქედან გამომდინარე, თუ ასე გააგრძელებენ კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.