ნინო ბურჯანაძე - მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს - საქართველო არ არის შენი ბოსტანი!
მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს - საქართველო არ არის შენი ბოსტანი!, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მშვიდობიანად გავისტუმრებთ რეჟიმს, რომელმაც საქართველო, ღირსეული და ამაყი ქვეყანა ერთი კაცის ბოსტნად აქცია.
„ჩვენ უნდა დავანახოთ დასავლელ მეგობრებს, რომ დიახ, არჩევნები გაყალბებულია, დიახ, არჩევნების შედეგებს არ ვეგუებით!. რაც მთავარია, არ ვეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველო თავის ბოსტნად გადააქციოს, ხოლო ჩვენ მოგვექცეს ისე, როგორც ბოსტანში ბოსტნეულს ექცევიან. საქართველოს მოსახლეობამ, ადამიანებმა, რომლებსაც გვაქვს ღირსეული, მრავალსაუკუნოვანი წარსული, ადამიანები, რომლის წინაპრებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს - საქართველო არ არის შენი ბოსტანი! ხმამაღლა უთხრან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს - დიახ, ჩვენ გვინდა ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის ჯიბეში არ არის პრეზიდენტის სავარძელი, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო და სახელმწიფო, სადაც პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის კი არა, აღმოჩნდა, რომ მისი შვილის ლაქიაა, მისი შვილის უკანონო დავალებებს ასრულებს. ან ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ღირსეული ერი ვართ, რომელიც ყველაფერზე თვალს არ დავხუჭავთ იმიტომ, რომ ერთ კაცს 5 მილიარდი აქვს, ან გაგვიჭირდება საკუთარი თავის პატივისცემა და ჩვენი შვილებისთვის თვალებში ჩახედვა", - აცხადებს ბურჯანაძე.
ცნობისთვის, ოპოზიციამ დღეიდან საგანგებო სამუშაო რეჟიმზე გადასვლა გამოაცხადა და 15 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია დაანონსა.