გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის არის ქვეყნის პატრიოტი - ელისო ბოლქვაძე
პარლამენტში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ქვეყნის პატრიოტია.
"ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში სადაც არიან პარტიები და ახალ პარტიასაც მიესალმება დემოკრატიული სამყარო და განსაკუთრებულს მე ვარაფერს ვხედავ. რაზე ალაპარაკდება ბატონი გიორგი გახარია, მე წარმოდგენა არ მაქვს იმიტომ, რომ პირველად ათი წუთის წინ გავიგე ეს ამბავი... მე პირადად, ბატონ გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მასთან მქონდა ძალიან მცირე, სხვადასხვა მიმართულებით საუბრები და მე ვფიქრობ რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი", — აღნიშნა ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან.
პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პირველად განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
"რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ", — განაცხადა გახარიამ.
მოგვიანებით, პოლიტიკაში დარჩენის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.