თეგებით ძიება

შუაფხო - მივიწყებას მიცემული სოფელი

ერთდროულად რეალურ, ფეერიულ, მივიწყებულ, ამავდროულად ძალიან ცხადსა და ნამდვილ ადგილას რომ ცხოვრობ, ეს ამბავია. ამბავი, რომელსაც ვერავინ ვერ მოყვება ისეთივე სიზუსტით, როგორც ის, ვინც ამ ამბავის განუყოფელი ნაწილია... უპრიანი იქნება იმასაც თუ ვიტყვით, რომ ასეთ ადგილთა რიცხვს მიეკუთვნება - შუაფხო.

შუაფხო - მივიწყებას მიცემული სოფელი

შუაფხო, ფშავის არაგვი. ფოტოს ავტორი: სოსო ჯაბანიშვილი

სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1 320 მეტრზე მდებარეობს. იგი უამრავ პრობლემასთან ერთად, განიცდის სკოლაში მოსწავლეთა სიმცირეს.

“სკოლაში სულ 12 ბავშვი ვართ, მათგან უმეტესობას კლასელი არ ჰყავს. მეც მარტო ვარ კლასში. ამის გამო მასწავლებელს მეტი დრო რჩება გაკვეთილის ასახსნელად, მაგრამ კლასში მარტო ჯდომა, სასიამოვნო სულაც არაა. მეტად სახალისო იქნებოდა კლასელთან ერთად გაკვეთილების სწავლა, ერთმანეთის დახმარება, მეტი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება...” - ამბობს მე-6 კლასელი, ნინო გულბათაშვილი TIA.GE - სთან საუბრისას.

ნინო თავის საოცნებო კლასელსაც აღწერს: “ხანდახან ვფიქრობ, კლასელი რომ მყოლოდა როგორი იქნებოდა ჩემი კლასი, ან როგორი გაკვეთილები ჩამიტარდებოდა?! ჩემი აზრით, მეტად საინტერესო, სახალისო, გაკვეთილები იქნებოდა. გავაკეთებდით უამრავ ხელნაკეთ ნივთს… ხანდახან იმასაც ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი საოცნებო კლასელი… მე რომ კლასელი მყავდეს, ვისურვებდი, რომ ყოფილიყო გოგო. ლამაზი, მეგობრული, უყვარდეს კატები და ძაღლები. იყოს ჭკვიანი.”


შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები. ფოტოს ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი

სკოლაში მოსწავლეების სიმცირეს ნინოს მსგავსად შუაფხოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, მარიამ ელიზბარაშვილიც განიცდის და ამ ფაქტს იგი ასე ეხმაურება: “იცით, ჩვენი სკოლა ყოველმხრივ განსხვავებული და განსაკუთრებულია. ერთი მხრივ იმიტომ რომ, სულ რაღაც 12 ბავშვი სწავლობს (ერთ კლასში ორზე მეტი ბავშვი არაა) მეორე მხრივ, მასწავლებლები და მოსწავლეები მეგობრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი. მიუხედავად ბავშვების სიმცირისა, ბევრ ღონისძიებებს, სპექტაკლებს, კონფერენციებს ვატარებთ… აღსანიშნავია ისიც, რომ კარგად ვსწავლობთ, უფრო ნაყოფიერად და საფუძვლიანად გავდივართ ყველა საგანს. ყოველდღე ვაბარებთ მასწავლებელს გაკვეთილს, რაც თავისთავად კარგია სწავლისთვის, მაგრამ ნელ-ნელა სკოლა იცლება. მოსწავლეები დაამთავრებენ 12 კლასს და სასწავლებლად თბილისში მიდიან. სკოლა კი იცლება, სულ რაღაც სამი ბავშვი დარჩა მოსასვლელი სკოლაში და ისინიც, რომ დაამთავრებენ, ალბათ დაიხურება კიდეც სკოლა. ასეა, აღარ მოდის ხალხი ფშავში. სკოლა და სოფელი კი იცლება...”


ფოტოზე ორი სოფელი ჩანს, შუაფხო და თხილიანა. ფოტოს ავტორი: სოსო ჯაბანიშვილი

უტოპიური ამბავი გამოვიდა. სხვა უტოპიური ამბებივით მნიშვნელოვანი… ეს ის ამბავია, რომელის შეგრძნებაც მხოლოდ დაფიქრებით შეიძლება. დაფიქრებით და გააზრებით.

არ ვიცი, რომელი ზმნა ან მეტაფორა შეესაბამება მარიამის და ნინოს ინტერვიუს შემდეგ დაუფლებულ განცდას, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თვალების ფართოდ გახელა გვმართებს. იმდენად ფართოდ, რომ ასეთი ბავშვების დანახვა შევძლოთ.

ავტორი: ანი გულბათაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა