იგეგმება თუ არა გახარიასა და გიორგი ვაშაძის ალიანსი – ნახეთ რას ამბობენ “სტრატეგია აღმაშენებელში“
კითხვაზე, იგეგმება თუ არა “სტრატეგია აღმაშენებლისა„ და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას თანამშრომლობა, რაიმე ტიპის ალიანსი, თაკო ჩარკვიანი პასუხობს, რომ გამორიცხულია.
ჩარკვიანის თქმით, “სტრატეგია აღმაშენებელში„ არანაირი საუბარი გახარიასთან ალიანსზე არაა. მისი თქმით, ამ თემის წამოწევა სოციოლოგების დამსახურებაა, რომლებმაც გამოკითხვა ჩაატარეს, რათა მოქალაქეების დამოკიდებულება გაეგოთ ამ ტიპის გაერთიანებაზე.
“არა, ვაშაძესთან გამორიცხულია. მე გიორგისთან საუბარი მქონდა. ამ ტიპის კვლევა ზოგადად არსებობს ხოლმე, აკეთებენ სოციოლოგები. მე მიმაჩნია, რომ გიორგისთვის დამაზიანებელი იყო ეს და ჩემთვის მიუღებელი და აი აქ დავასრულეთ საუბარი და პასუხი მივიღე დამაკმაყოფილებელი. ის რომ არანაირ ალიანსზე საუბარი არ არის და არ იქნება. როცა ასეთ პასუხს ვიღებ ხოლმე, როგორც წესი, მართლდება. მე არ მაქვს უფლება შევიტანო ეჭვი”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა “TV პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პირველად დუმილი დაარღვია.
გახარია ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მეტიც, პოლიტიკაშიც რჩება. საკუთარ გეგმებზე კი უახლოეს მომავალში ისაუბრებს.
“მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.