დავით ზალკალიანი: სახელმწიფო მდივანი პოზიტიურად უყურებს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში
საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ 2021 წლის სამიტი იქნება ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაო 2022 წლის სექტემბერში ჩასატარებელი სამიტისთვის, სადაც გაფართოების საკითხი სავარაუდოდ, უფრო ინტენსიურად განიხილება. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„წლევანდელი სამიტი განიხილება როგორც მოსამზადებელი 2022 წლისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მუდმივად ვართ კავშირში ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, იგივე პრაქტიკული ინსტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით, იყოს შესაბამისად ასახული სწორედ ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში თუკი მსგავსი სახის გადაწვეტილება ან დეკლარაცია იქნება მიღებული წელს.
მნიშვნელოვანია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, ეს უკვე პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში და სახელმწიფო მდივანი მონაწილეობას მიიღებს მინისტერიალში. ამერიკის როლი ნატოში უაღრესად დიდია და სწორედ მათ სიტყვასა და ქმედებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ასევე თუ როგორ იქნება მთლიანად ორგანიზაციის პოლიტიკა ღია კარის კონტექსტში. ამიტომ, ის, რომ სახელმწიფო მდივანი უაღრესად პოზიტიურად უყურებს საქართველოს გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში, ძალიან დამაიმედებელია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ბრიუსელში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი პირველად დაესწრება.