თეგებით ძიება

გია ვოლსკი გიორგი გახარიაზე


როცა სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ საკმაოდ ისუსტა , - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, თუკი გახარიას რაიმე წარმატება ჰქონდა, ეს "ქართული ოცნების" ფორმატში უნდა იყოს გააზრებული.

"გიორგი გახარიას გზავნილი იმის ხაზგასმად მივიღეთ, რომ ის აპირებს პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული. ის თუ რას იზამს, არ ვიცით. რაც შეეხება საუბარს ევროპულ ინტეგრაციაზე, როგორ გგონიათ, სხვა რა უნდა ეთქვა?! არ უნდა ველოდოთ, რომ მისგან სხვა განცხადება იქნება გაკეთებული. რა თქმა უნდა, იტყვის, რომ მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაცია, ასოცირების პროცესის განვითარება. ეს თემებია პოპულარული. მიკვირს ეკონომიკაზე, რომ არ საუბრობს.

ფაქტია, რომ მას გამოცდილება "ქართული ოცნების" წიაღში, ჩვენს ფორმატში დაუგროვდა და თუ მას რაიმე წარმატებული პროექტი ჰქონდა, ეს პირადად მისი დამსახურება არ არის. პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა. ვნახოთ, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რა გუნდს შექმნის და როგორ ჩამოყალიბდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური გააქტიურების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს, ვოლსკიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ ივანიშვილი პროცესებში არ მონაწილეობს და არა აქვს სურვილი, პოლიტიკულ პროცესებში ფარდის მიღმა იყოს ჩართული.

"მინდა ვიყო კონკრეტული: - არანაირი კავშირი ივანიშვილს ან ნებისმიერ ჩვენთაგანს ან პოლიტსაბჭოს ან რომელიმე უწყებას გიორგი გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან არა აქვს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა