ჟოზეფ ბორელი: რუსეთი სახიფათო მეზობელია
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირისთვის სახიფათო მეზობელია.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს შორდება და სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ქვეყანა ხდება. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რუსეთთან კავშირის არხებზე. რუსეთი მეზობელია, სახიფათო მეზობელია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიზიაროთ ზოგი საკითხი, რომელზეც საერთო ინტერესები გვაქვს, როგორიცაა ირანთან შეთანხმება და კლიმატური ცვლილებები. თუმცა ამავდროულად უნდა შევაკავოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა ნატოს მინისტერიალის სხდომის დაწყებამდე.
შეგახსენებთ რომ, 23 მარტს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი პირველად ესწრება.